English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ლია თოთლაძე
განათლებასა და R&D-ზე სახელმწიფო დანახარჯების, როგორც ადამიანისეული კაპიტალის ფაქტორების ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის შეფასება

ანოტაცია. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სტრატეგია ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა მდგრადი და ინკლუზიური ზრდა. ამ მიზნების მიღწევა შეიძლება განხორციელდეს განათლებისა და ტრენინგის გამართული სისტემის, კვლევებსა და დამუშავებებზე (R&D) ორიენტირებული ინდუსტრიებისა და მეცნიერებატევადი ეკონომიკის შექმნით. ეს კი შეუძლებელია ადამიანისეული კაპიტალის მნიშვნელოვანი წვლილის გარეშე. 

ნაშრომი მიზნად ისახავს ადამიანისეული კაპიტალის ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენის ემპირიული ასპექტების გამოკვლევას, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა მნივნელოვანია ადამიანისეული კაპიტალის გაზომვა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოთავაზებულია ადამიანისეული კაპიტალის გაზომვის შემდეგი მიდგომები: დანახარჯების მიხედვით, რომელიც ემყარება ადამიანისეული კაპიტალის შეფასებას იმ დანახარჯების მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო/კერძო სტრუქტურები ახორციელებენ მისი განვითარებისათვის; შემოსავლების მიხედვით, რომელიც ემყარება მინსერის მიდგომას - ადამიანისეული კაპიტალი შეფასდეს იმ შემოსავლების მიხედვით, რასაც იღებს ადამიანი მისი სამუშაო გამოცდილების შესაბამისად; ინდექსების მიხედვით, რომელიც ემყარება ფართოდ გავრცელებულ ისეთ ინდექსებს, როგორიცაა: გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI), მსოფლიო ბანკის ადამიანისეული კაპიტალის ინდექსი (HCI), PISA ტესტი და სხვა.

ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი იმ არხების ანალიზს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანისეული კაპიტალი გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე. დადგენილია ადამიანისეულ კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების ქვეყნის მდგრად განვითარებაზე ემპირიული ზეგავლენის ხარისხი. ნაშრომში გამოვლენილია განათლებასა და R&D–ში სახელმწიფო ხარჯების ადამიანისეული კაპიტალსა და ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის წვლილი საქართველოში. ზემოთ მოტანილი მიზნის მისაღწევად აგებულია როგორც წრფივი, ისე ლოგარითმული მოდელები, რომლებშიც ამხსნელ ცვლადებად განხილულია სახელმწიფო დანახარჯები განათლებაზე, კვლევებსა და დამუშავებებზე (R&D), ასევე რეგისტრირებული პატენტების რაოდენობა. საქართველოს ემპირიული მონაცემების მოდელირების შედეგები განათლებაზე გაწეული დანახარჯების შემთხვევაში თანხვედრაში აღმოჩნდა თეორიულ ეკონომიკურ დებულებებთან. რაც შეეხება დანარჩენ ეკონომიკურ ცვლადებს - დანახარჯებს კვლევებსა და დამუშავებებზე (R&D) და რეგისტრირებული პატენტების რაოდენობას, მიუხედავად მათი სტატისტიკურად მნიშვნელოვნებისა, ისინი უარყოფით კორელაციაში აღმოჩნდა შედეგობრივ ცვლადთან. ამ შედეგის ინტერპრეტაცია მხოლოდ შემდეგი შეიძლება იყოს: აღნიშნული ცვლადების ზემოქმედების შეფასებისათვის გასათვალისწინებელია დროითი ლაგი და აუცილებელია უფრო გრძელვადიანი პერიოდის მოდელირება.

საკვანძო სიტყვები: ადამიანისეული კაპიტალი; ეკონომიკური ზრდა; R&D სახელმწიფო დანახარჯები; სახელმწიფო დანახარჯები განათლებაში; ეკონომეტრიკული მოდელი.